Saturday, June 14, 2008

მე და ხატვა

ხატვა, დაახლოებით, 3 წლიდან დავიწყე. ჩემს პირველ ნახატს, რომელსაც რაღაცას მაინც მიამგვანებდით, "მელია" უწოდეს. შემდეგ იყო სკოლა, გალერეები რვეულების უკანა მხრიდან, 1 წელი სამხატვრო სკოლაში. მე-5 კლასში გადამიწყვიტეს, რომ ხატვას არ გავაგრძელებდი, რადგანცაც არ უნდოდატ, პროფესიად მხატვრობა მქონოდა.

ამის შემდეგ სკოლისთვის ვხატავდი. ზოგჯერ, მასწავლებლებზე გაბრაზებული, მათს კარიკატურებსაც ვჩხაპნიდი და ჩანთაში ვმალავდი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩემთვის საბედისწეროდ დასრულდა: მასწაველბელმა კარიკატურა მიპოვა და იმას მიუტანა, ვისაც ყველაზე ძალიან ჰგავდა. ეს კი ჩემი დამრიგებელი აღმოჩნდა...

აბსტრაქტული სტილით ხატვა მე-8 კლასიდან დავიწყე. ჩემს ინგლისურის მასწავლებელს დავუნახე, როგორ ხატავდა გაშლილ ვარდს და მასში სახეებს, თვალებს, სხვადასხვა ფერებს. ამან ისე გამიტაცა, რომ ერთხელაც მეც მოვსინჯე, მეორედაც, მესამედაც. შემდეგ კი პატარა ბლოკნოტი ვიყიდე, რომლის კუთხეებშიც პატარ-პატარა ნახატებს ვსვამდი, თანაც ისე, რომ, ერთი შეხედვით, დაბეჭდილი გეგონებოდათ.

ასე გადიოდა დრო... და მეც მივეჩვიე, ცოტა სხვანაირად აღმექვა საგნები და ახლებურად გამომესახა ისინი. შეიძლება, ეს ბავშვობაში გულში ჩარჩენილი ხატვის არასრული სწავლით მიღებული დანაკლისის ანაზღაურება იყო. ზუსტად არ ვიცი. ბლოკნოტიდან თაბახის ფურცლებზე გადავედი, კომპოზიციები გავართულე. მიხაროდა, სხვები დიდხანს რომ აშტერდებოდნენ ჩემს ნახატებს. ჩვეულებრივ, ამას ადრე ვერ ვახერხებდი, რადგან მე მაკლდა ხატვის ტექნიკა. ტორემ იდეასა და შთაგონებასთან პრობლემა არასდორს მქონია.
ახლა, უნივერსიტეტის გამო, რეგულარულად აღარ ვხატავ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, დაწყებული ბოლომდე მივიყვანო. უკვე მე-5 თვეა, ერთი აკვიატებული იდეის ფურცელზე გადმოტანას ვცდილობ და, იმედია, მალე მოვრცჰები ამასაც. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გავაოცებ.

ახსნა-განმარტებას არ დავურთავ. ვინც რას დაინახავს, ის იქნება ჭეშმარიტება:

La Traviata
Lacrimosa
Casta Diva
სისხლიანი ცრემლები... და წლები

Thursday, June 12, 2008

Red Bull და სპრეი

დღეს, 12 ივნისს, თსუ-ს II კორპუსის ეზოში გაიმართა “დამაფრთიანებელი” სასმელის, Red Bull-ის აქცია. სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წარმოდგენილ კონკურსანტებს უნდა მოეხატათ კედელი საკუთარი ფანტაზიით. “სამუშაო იარაღს” სპრეი წარმოადგენდა, პრიზს კი ფოტოაპარატი.
აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე და, მცირედი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე: “რატომაც არა?”. როგორც იქნა, სიმორცხვე იმ დონეზე მაინც დავძლიე, რომ კოორდინატორისთვის საკუთარი გვარი მეკარნახა და დამერეგისტრირებინა მონაწილეთა ათკაციან სიაში. აქვე იყვნენ გრაფიტის სტილის აქტიური მიმდევრებიც, რომლებიც აპირებდნენ, “ძააააააააან მაგარი” რაღაცების დახატვას.
დროის ათვლამდე, რა თქმა უნდა, ეჭვებში ჩავიძირე: ის, რომ სპრეით პირველად უნდა დამეხატა, არ იყო ისეთი საშიში, როგორც თავად გაფიქრება იმისა, თუ რა უნდა დამეხატა. აღმოჩნდა, რომ ბოლო წუთამდე იდეა არ მქონდა. შემდეგ ჩვეულ ხერხს მივმართე და აიპოდში ანდრეა ბოჩელის სიმღერა ჩავრთე. მართალია, ყურსასმენებიდან გადმოსულ ჰარმონიულ მუსიკას არ შეეძლო, ჩაეხშო დიჯეის “ჯაგა-ჯუგი”, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხელჩასაჭიდს მივაგენი!
სიმღერა L'ultimo Re (უკანასკნელი მეფე)!...
სულ ვოცნებობდი ამის დახატვაზე. თანაც ისე, რომ სიტყვებისათვის ყურადღება არ მიმექცია და მხოლოდ მუსიკა გადმომეცა ფერებით, ჩემებურად. მთავარი იყო, სულში სივრცე მეგრძნო.
ყველას 8 სხვადასხვა ფერის საღებავი დაგვირიგეს და საქმეს შევუდექით. აქციის წამყვანი და მაყურებლები გვამხნევებდნენ. ერთი-ორჯერ საკუთარი სახელიც გავიგონე და, გახარებაზე მეტად, გავოცდი. თავიდან ყველას ყოფნიდა საკუთარი ფერები, 15 წუთში მორიდებული “კარზე დაკაკუნებები” დაიწყო, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი ნამდვილი “საღებავტაცომანია” ატყდა.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ხატვამ ძალიან შემიყოლია. მართალია, ყველაფერი ისე არ გამომდიოდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. პირველად ხატვის კვალობაზე არაუშავდა. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი საღებავის სუნი იყო. თავი ახლადშეღებილ კედელზე მიწებებული ბუზივით ვიგრძენი, რომელსაც აცეტონის სუნში ამოხრჩობა უწერია.
როგორც იქნა, გავიდა 40 თუ 50 წუთი და ხატვაც შეწყდა. მე ეს ყველაზე ბოლოს გავაცნობიერე, ისიც, წამყვანის დახმარებით. არადა, კიდევ რამდენი რამ მქონდა ჩაფიქრებული... თუმცა აღარც ძალა მქონდა, აღარც საღებავი და აღარც სუნთვა შემეძლო.
“ჩამავალი მზე დავხატე. ანდრეა ბოჩელის მუსიკას ვუსმენდი და შთაგონება იქიდან მივიღე, ძალა კი Red Bull-მა მომცა”. სინამდვილეში, ერთი ყლუპიც არ დამილევია. ძირს დავდე გახსნილი ქილა იმ იმედით, რომ ვინმე სხვას შევთავაზებდი, მაგრამ ფეხი გამეკრა... წამყვანმა სახახლოდ აღნიშნა, რომ ჩემი ნახატი მოეწონა და რომ მე მგულშემატკივრობს. ამ ფაქტმა მართლაც გამაბედნიერა და ახლა ნამდვილად აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებდა შეჯიბრში. მე მიზანს მივაღწიე: ვიღაცამ გამიგო.
ოთხკაციანმა ჟიურიმ ასეთი შეფასება მომცა: 4, 3, 3, 4. დამაკმაყოფილებელი შედეგი, სამიანზე ხატვა შემიძლია. გამარჯვება კი 5, 5, 5, 5-ის მფლობელ ჩემს მეზობელს ერგო, რომლის სიუჟეტის ნაწილი ჩემს ტერიტორიაზე გადმოჭრილიყო. მისი გამარჯვება არც გამკვირვებია და გულით მივულოცე.
საბოლოო ჯამში, აქციამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ძალიან ფერადი გამოვიდა. მე კი კიდევ დიდხანს მექნება საშუალება, ვიტრაბახო უნივერსიტეტის ეზოში დატოვებული საკუთარი ნახატით, თუ კედელი ამ დღეებში არ გადაღებეს.

Tuesday, May 27, 2008

58 წლის შემდეგ

26 მაისი _ დღე საქართველოს დამოუკიდებლობისა, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისა, აღლუმისა, ოპოზიციის მიტინგისა და ყვავილების ფესტივალისა...

კარგი განრიგია!
უნივერსიტეტის ეზოში ვიცდიდი, ამხანაგის გადასარჩენად. ნახატი მივუტანე, რომლის წყალობითაც, შეიძლება, სტიპენდიას გამოკრას ხელი.
სიცხეში ერთ საათს ვიცდიდი. I კორპუსის კიბეებზე ვიდექი და წარმომედგინა, როგორ უკრავდა ორკესტრი ჩემ უკან და მე _ ვმღეროდი. ვმღეროდი, როგორც ანდრეა ბოჩელი. ეს მომღერალი, ზოგჯერ, ისე მიტაცებს, რომ მისი რეპერტუარის შესრულებას მასსავით თვალდახუჭული ვიწყებ ქუჩაში...
ჩემი მეგობარი აგვიანებდა.
ე.წ. ნაუშნიკებგარჭობილი ვაკვირდებოდი ჩემ ირგვლივ, რაც ხდებოდა და მხოლოდ ხმაურის ნაწყვეტები თუ შემოაღწევდა ყურებში. ტაქსს მოვკარი თვალი, რომლიდანაც წვალებით გადმოვიდა ხელჯოხიანი მოხუცი კაცი. მიშველება მინდოდა, მაგრამ, როგორც იქნა, გაიმაგრა თავი და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ეზოსკენ. იქვე წამოეწია თანატოლი სათვალეებიანი ქალი, რომელიც ასევე წვალებით გადმოსულიყო ტაქსიდან, თუმცა კაცზე ჩქარა შეეძლო სიარული. მეც დავიწყე მათი შესწავლა. ან რა მქონდა მეტი საქმე?
თავიდან ორივე პროფესორი მეგონა, შემდეგ ომის ვეტერანები, მერე _ ძველი მეგობრები... ქალი სამსაფეხურიან კიბეზე ავიდა და უნივერსიტეტის ეზოს ცენტრალურ ნაწილს მიაშურა. კაცმა კი, რომელიც უკვე დარწმუნებული იყო, რომ დახმარებას ვაპირებდი, ღიმილით ხელი დამიქნია. მეც გავიქეცი მისკენ.
მკლავში ხელი გამიყარა და სამი საფეხურიც ავიარეთ. ამასობაში გავიგე, რომ მეგობრებს ხვდებოდა. მართლაც, რამდენიმე მოხუცმა ხელი გაშალა მის დანახვაზე. ეს უკანასკნელიც შეძლებისდაგვარად გაიმართა წელში და მხიარულად მიეგება ხალხს. მოვტრიალდი თუ არა, კიდევ ერთ ქალბატონს გადავაწყდი: მომეხმარე, ბებო, კიბეზე ასვლაშიო. მეც, როგორც მოხუცებთან ერთად სეირნობისა და საუბრის მოყვარულმა, უარი არ ვუთხარი.
გაირკვა, რომ მოხუცთა თავშეყრის მიზეზი უნივერსიტეტის დასრულების 58 წლისთავი ყოფილა. მათ 1950 წელს დაუმთავრებიათ თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი. ქალბატონი, კი, რომელიც ყოველივე ამას მიყვებოდა, უნივერსიტეტის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, მარიკა კალანდაძე აღმოჩნდა. მასთან საკმაო ხანს ვისაუბრე, წავიტრაბახე კიდეც საკუთარი გვარით.
შემდეგ დანარჩენ კურსდამთავრებულებსაც გავესაუბრე, რომელთაც თითქმის ერთხმად თქვეს, ჩვენ ამ უნივერსიტეტის ბარტყები ვართ და მუდამ ახალგაზრდები ვრჩებითო. ზოგიერთი ასაკზე უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ზოგს კი უფრო დასტყობოდა დრო. თითქოს ყველას სახეზე ეწერა, რა გზაც განვლო ცხოვრებაში სტუდენტური წლების შემდეგ. ზოგი იცინოდა, ზოგი მორიდებულად იდგა, ზოგიც კი სახლში დატოვებულ საზრუნავზე ფიქრობდა...
რაღაც მხტუნავი შთაბეჭდილებისა და ემოციის ქვეშ მოვექეცი. მიხაროდა, მაგრამ არ ვიცი, რა. ალბათ, ის, რომ ამდენი 80 წელს გადაცილებული ადამიანი ერთად ვნახე ან ის, რომ ყველანი კურსელები იყვნენ და 58 წლის შემდეგაც ხვდებიან ერთმანეთს. თითქოს დრო მართლაც არ გასულა მათთვის.
მათს საუბარში მოკრძალება და ურთიერთპატივისცემა შევნიშნე. თითქოს, ერთმანეთი სიბერეში გაეცნოთ. საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: “ნუთუ ასეთივე ურთიერთობა აკავშირებდათ 58 წლის წინათ, როდესაც “ბარტყები” მართლაც ბარტყების ასაკისანი იყვნენ?”
ამ კითხვაზე რაც უფრო დიდხანს ვფიქრობდი, მით უფრო უსასრულოდ მეჩვენებოდა პასუხისკენ მიმავალი გზა. ჩვენს თაობასთანაც გავავლე პარალელი, მაგრამ მალევე გავჩერდი, არ მინდოდა რაიმე ცუდი წინასწარმეტყველების მსგავსი გამომსვლოდა. საბოლოოდ კი დავასკვენი, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ყველა ის კურსდამთავრებული უნდა დააჯილდოვოს, რომელიც ჯანმრთელობის ფასად ახერხებს საკუთარი მეგობრებისა და უნივესიტეტის გახსენებას 58 წლის შემდეგაც კი.

Wednesday, May 14, 2008


   13 მაისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში საჯარო ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა, თემაზე “რატომ ანტიკური კულტურა?”
   ლექციას სხვადასხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გია ხუბუა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბატონი ნოდარ ბელქანია.
   თითქმის ორი საათის განმავლობაში ბატონი გორდეზიანი დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობდა ანტიკური ცივილიზაციის შესახებ და აკეთებდა განმარტებებს სხვადასხვა ასპექტებზე. ლექციისას იგი შეეხო ძველბერძნულ ხელოვნებას და მის უნიკალურობაზე ისაუბრა. თვალსაჩინოებისთვის იშველიებდა სლაიდებს. გორდეზიანმა შეძლებისდაგვარად ვრცლად მიმოიხილა ანტიკური ბერძნული საზოგადოება და ახსნა, თუ რატომ არის იქაური და იმდროინდელი დემოკრატია დღესაც ასეთი მნიშვნელოვანი. ციტატა მისი საუბრიდან:
“რატომ მოსწონდათ ბერძნებს ტრაგედიები? ეს ქვეყნის მოწყობაზეა დამოკიდებული. იქ იყო დემოკრატია. ათენმა მოახდინა საზოგადოების “გაარისტოკრატება”: ყველაფერი, რაც ხელეწიფებოდა არისტოკრატს, ხელეწიფებოდა თითოეულ მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ყველას შეექმნდა მაღალი დონის გემოვნება. სწორედ ამიტომაც მოსწონდათ და ტკბებოდნენ ძველი ბერძნები რთული და მრავალმნიშვნელოვანი ტრაგედიებით, განსხვავებით რომაელთაგან...”
   ლექციის ფარგლებში გორდეზიანი მრავალ საინტერესო თემას შეეხო. ერთ-ერთი იყო ქართველურ-ბერძნული ტომების ურთიერთობა, რომელმაც აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.

შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა

(ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი ნამდვილი ფაქტები)
   
   ოქტომბერი ნაპირზე გამორიყული თევზივით ღაფავს სულს. ზამთარი ყინულის ლოლოებისფრ ფრჩხილებს ნელ-ნელა ასობს მიწაში. ცდილობს, გარეგნულად არ შეიმჩნიოს მზაკვრული ზრახვები. მაგრამ გუშინ ვეღარ მოითმინა და ჭექა-ქუხილით მოიოხა გული.
   მთელ დღეს შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის აყალმაყალის ფონზე მეცადინეობა და ნაოპერაციევი ბებიას გამხნევება (სიბერე განაჩენია. ზოგისთვის ტალახია, ზოგისათვის კი _ მწარე, მაგრამ მაინც შოკოლადი), დამსხვრეული ძილი და უხასიათობა. არადა, ასეთ დროს, ალმოდოვარის რომელიმე შედევრი მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ყოველ ფილმში ახალ-ახალ საერთოს აღმოვაჩენდი ხოლმე მადრიდსა და თბილისს შორის. მაგრამ იმ დღეს უსაქმურობა მქონდა მისჯილი.
   რამდენიმე დღით ადრე შევამჩნიე, რომ ბინის ეზოში მდგარ ჩემს საყვარელ ხეს ქარის შემოტევისთვის ვეღარ გაეძლო.
   როცა ფანჯრიდან გავიხედე, სუნთქვა შემეკრა: მწიფე ოქროსფერისაგან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი.
   მეც ასე დამემართა: ყველა გეგმა ხელდან გამომეცალა და იძულებული გავხდი, თვალი უსაქმურობისათვის გამეშტერებინა. ალბათ, გაგიკვირდებათ, შინ საკმაო სამუშაო მაქვს და მაინც უსაქმურად ვთვლი თავს. მინდა გითხრათ, რომ გამოუსადეგარ საქმეს შედეგი არა აქვს, ან აქვს და არაყივით მალე ორთქლდება. შენ ასეთი საქმე არ გჭირდება. მისგან ვერ შეიძენ ცოდნას, რომელიც სამუდამოდ გაგყვება და ყოველ კრიტიკულ მომენტში დაგეხმარება....
   ასეთმა რეკვიემისფერმა განცდებმა სერიოზულად დამაფიქრეს. ნეტა, კიდევ რამდენი სტუდენტია ჩემსავით “უსაქმური”? კიდევ რამდენს ეღობება ოთხი კედელი მათი მიზნების ჩასანთქმელად? მხოლოდ შინ ჯდომაა საქმის არქონის მიზეზი?
   ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა შევეხო ისეთ მწვავე საკითხს, როგორიცაა სიზარმაცე. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევები (სიზარმაცე) ამ ტექსტში მხედველობაში არ მიიღება. სიზარმაცე, ჩემი აზრით, ავადმყოფობაა, გრიპის ან ალერგიის მსგავსი. ანუ სიზარმაცე ან ხანდახან “შეგეყრება”, ან ქრონიკულად გაქვს.
   ახლა კი ვუპასუხოთ ზემოთ დასმულ ბოლო კითხვას: არა! შინ ჯდომა, რა თქმა უნდა, არ არის უსაქმურობის მიზეზი. ამას იწვევს მიზნის არქონა, უიღბლობა, ან უსახსრობა. ჩემს შემთხვევაში _ უიღბლობა (მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი).
   ...ჰოდა, ოქტომბრის მიწურულს, როდესაც, ოქროსფერ სამასკარადო კოსტიუმში გამოწყობილი ბუნება შემოდგომას თავბრუდამხვევ ვალსს ეცეკვება, თვალიც კი ვერ მოვკარი იმ თბილისს, რომლისგანაც, სულ ცოტა, ორი კარი და ხუთი სართული მაშორებდა.    ჟურნალისტი ამბებით ცოცხლობს, მე კი უსაქმურობის “ხელოვნურ აპარატზე” შემაერთეს და “პალატაში” დამაბეს...
   ადამიანი, რომელსაც საკუთარი მიზანი არ გააჩნია, დრეიფზე მდგარ, აისბერგებით გარშემორტყმულ გემს ჰგავს. მისი ერთადერთი იმედი გამართლებაა (მაგრამ გამართლებას ჩვენი მტერი ენდო!). ასეთი ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ღმერთმა მას მიზანი არ დაუსახა. ეს აბსურდია, რადგან დაბადებაც კი დასახული მიზნის ასრულებაა, დანარჩენზე თავად უნდა ვიზრუნოთ.
   ...უსაქმურად ყოფნამ და მომკითხველთა მიღება-გაცილებამ საღამოს ათ საათამდე გასტანა. ამას ემატებოდა ტელევიზორთა “დუეტი”, ტელეფონის “სოლო შესრულება” ხუთწუთიანი ინტერვალებით და ოთახებში უაზრო ხეტიალი სიმშვიდის ნამცეცების საპოვნელად...
   უსახსრობა უსაქმურობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მიზეზია. ის ყველაზე მკვეთრად უპირისპირებს ერთმანეთს “მინდა”-სა და “არ შემიძლია”-ს. დამეთანხმებით, დღეს სულიერი საზრდოც კი, თითქმის, მთლიანადაა დამოკიდებული მატერიალურ შესაძლებლობაზე. ზოგჯერ რეალობა იმდენად შემზღუდავი აღმოჩნდება, რომ ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენს. ვითარდება ნევროზი, რასაც მოჰყვება სხვადასხვა სახის კომპლექსები...
   ...სიმშვიდის ნამცეცებს სღამოს თერთმეტის ნახევარზე მივაგენი და დილის ორ საათამდე “ვებრძოდი უსაქმურობას”. ვცდილობდი უქმად გასული დროის ანაზღაურებას. შემდეგი ხუთი საათი ფიქრნარევ ძილს თუ ძილნარევ ფიქრს დავუთმე. გარეთ ზამთარი ილანძღებოდა. მტირალმა წვიმამ სახე ფანჯრის მინას მოაბჯინა და ცრემლიანი თვალებით მიმანიშნა, რომ მასაც არ ჰქონდა საქმე...

31. 10. 2006

Tuesday, May 13, 2008

ლუჩია დი ლამერმური


ოპერა “ლუჩია დი ლამერმური” (Lucia Di Lammermoor / ლუჩია ლამერმურიდან) ითვლება ერთ-ერთ წამყვან ნიმუშად იტალიური bel-canto-ს სტილში. გაეტანო დონიცეტიმ იგი 1835 წელს, სერ უოლტერ სკოტის რომანის “პატარძალი ლამერმურიდან” მიხედვით დაწერა.
არსებობს თქმულება, რომ აღწერილი ისტორიის მსგავსი მართლაც მოხდა შოტლანდიაში, ლამერმურის მთებში, 1669 წელს. გადმოცემის თანახმად, დარლიმპლების ოჯახმა ასული, მისი ნების წინააღმდეგ, სხვას მიათხოვა. ყოველივე აქედან კი იშვა ისტორია, რომლის საოპერო სახეც 1835 წელს ჩამოყალიბდა. 26 სექტემბერს ნეაპოლის თეატრ “სან-კარლოში” ოპერის პრემიერა შედგა. იტალიური ლიბრეტოს ავტორი სალვატორე კამარანოა. უნდა აღინიშნოს, რომ დონიცეტიმ ლუჩიას ფრანგულენოვანი ვარიანტიც შექმნა.
“ლუჩია დი ლამერმური” ერთ-ერთი ურთულესი ოპერაა თავისი მრავალრიცხოვანი პასაჟებითა და მაღალი ბგერებით დატვირთული არიებით. სიუჟეტი დრამატული, მისტიკური და შთამბეჭდავია. განსაკუთრებით დიდ მუშაობას მოითხოვს ე.წ. “ლუჩიას სიგიჟის სცენა”, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის 18-წუთიან არიას მოიცავს. ქვემოთ მოთხრობილი იქნება ოპერის შინაარსისა და ლუჩიას პარტიის სამი გამორჩეული შემსრულებლის შესახებ, რომლებთანაც ასოცირდება ეს პერსონაჟი.
მოქმედება XVI საუკუნის შოტლანდიაში ხდება. მოვლენების ცენტრშია ლუჩია, ლორდ ჰენრი ეშტონის (ენრიკო) – ლამერმურთა საგვარეულო ციხესიმაგრის ბატონის _ და. მისი ოჯახი გვევლინება რავენსვუდების დინასტიის დაუძინებელ მტრად. ლუჩიას ფარულად უყვარს ედგარ რავენსვუდი (ედგარდო), რომელიც ერთადერთი ცოცხალი შთამომავალია საკუთარი გვარისა. ეშტონს გადაწყვეტილი აქვს, თავისი და ართურ ბეკლოუს (არტურო) მიათხოვოს და ამით პოზიციები განიმტკიცოს, მაგრამ ლუჩია უარზეა. ქალს საიდუმლო პაემნები აქვს ედგართან.
II სცენაში ლუჩია საყვარელთან კიდევ ერთი შეხვედრისათვის ემზადება. მას ცუდი წინათგრძნობა აწუხებს, რადგანაც ერთი ქალის მოჩვენება იხილა, რომელიც ოდესღაც მოეკლათ რავენსვუდებს. ამ დროს ჩნდება ედგარიც. მას გადაწყვეტილი აქვს, ბოლო მოუღოს საუკუნო მტრობას და ეშტონს მისი დის ხელი სთხოვოს. ლუჩია კაცს არწმუნებს, რომ შერიგება შეუძლებელია. ედგარი სატრფოს მარადიულ სიყვარულს ეფიცება და საფრანგეთში მიემგზავრება საკუთარი მხარდამჭერების ჩამოსაყვანად.
II მოქმედება: ეშტონს უკვე დანიშნული აქვს ქორწილის თარიღი და ლუჩიას აიძულებს, დასთანხმდეს მის წინადადებას. ამისათვის იგი იყენებს, ვითომ-და, ედგარისგან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც მისი ღალატის შესახებაა მოთხრობილი. სასოწარკვეთილებაში მყოფი ლუჩია ხელს აწერს საქორწინო კონტრაქტს, რომელიც მას ართურ ბეკლოუს ცოლად ამტკიცებს.
ამ დროს დარბაზში ედგარი შემოიჭრება და სიყვარულს ეფიცება ქალს, ეშტონი მას საქორწინო კონტრაქტს უჩვენებს და ეუბნება, რომ ლუჩიამ თავისი ბედი თავადვე გადაწყვიტა (აქ იქმნება მუსიკალური სექსტეტი. არია გაოცებას იწვევს თავისი პარადოქსულობითა და მუსიკალური სიმდიდრით). გამწარებული ედგარი ქალზე უარს ამბობს და ფარულად გაცვლილ ნიშნობის ბეჭედს სახალხოდ ესვრის მას.
III მოქმედება: იმართება ქორწილი. სტუმართა მხიარულებას ბოლოს უღებს შოკისმომგვრელი ცნობა: ლუჩია მწუხარებისგან ჭკუიდან შეიშალა და საწოლში მახვილით მოკლა ქმარი...
ამასობაში ხალხის გროვა შუაზე იხსნება და გამოჩნდება მოჩვენებასავით გაფითრებული, გასისხლიანებულ საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი. ლუჩიას სახეზე ბედნიერი გამომეტყველება აქვს, რადგან ედგარი ელანდება და ჰგონია, ჯვარს მასთან იწერს. იგი გრძნობს, რომ სიკვდილი მალე დადგება და ზეცაში იქნება ბედნიერი საყვარელ ადამიანთან ერთად. არია “Spargi d'amaro pianto”-ს (“მწარე ცრემლები იღვრება ჩემს უსარგებლო ვუალზე”) შესრულების შემდეგ ლუჩია უსულოდ ეცემა. ცოტა ხნის მერე სასოწარკვეთილი ედგარიც თავს იკლავს...
ლუჩიას პარტია, ძირითადად, სრულდება კოლორატულული სოპრანოების მიერ. მათი ხმის ტემბრი და შესრულების ტექნიკა bel-canto-ს სტანდარტებში ჯდება. ასევე შეუძლიათ, აიღონ ისეთი მაღალი ბგერა, როგორიც III ოქტავის მი-ბემოლია (ასეთი კი ზემოაღნიშნულ ოპერაში, მინიმუმ, ორჯერ გვხვდება).
კარუზოს გარდაცვალებისა და II მსოფლიო ომის შემდეგ ოპერის კრიზისი დაიწყო. bel-canto-ს ურთულესი და, ამავდროულად, მაღალპროფესიონალური სტილით მღერა გაქრობის ზღვარზე დადგა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სოპრანო, რომელმაც აღადგინა მივიწყებული ტრადიციები ოპერაში. ეს გახლდათ წარმოშობით ბერძენი _ მარია კალასი (Maria Callas). მასზე ამბობდნენ: “როგორც იქნა, ვიხილეთ სოპრანო, რომელსაც შეუძლია ნაწარმოებების შესრულება გაუმარტივებლად, დედნის სიზუსტით.” “ლუჩია დი ლამერმურის” აღდგენაც სწორედ კალასის სახელს უკავშირდება. უკვე 50 წელი იყო გასული, რაც იგი ბოლოჯერ იმღერეს.
video

კალასმა ლუჩია პირველად 1952 წლის 25 იანვარს რომში იმღერა, რასაც დიდი აღტაცება მოჰყვა. თუმცა, აღსანიშნავია აგრეთვე კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასებაც: კალასის დრამატული და მძიმე ტემბრი არ შეესაბამება კოლორატული სოპრანოს მსუბუქ და “მოფარფატე” ხმას, რითაც უნდა შესრულდეს ასეთი პარტიები. მიუხედავად ამისა, კალასმა ყველაფერი გააკეთა ლუჩიას გმირის გასაცოცხლებლად.
აუდიტორია, რომელსაც კალასის მიერ შესრულებული ლუჩია საკუთარი თვალით ენახა, გაოგნებული რჩებოდა. სოპრანო უშეცდომოდ მღეროდა თითოეულ ურთულეს პასაჟს, იღებდა დამთრგუნავი სიძლიერის მაღალ ბგერებს და ქმნიდა ისეთ დრამატულ ატმოსფეროს, როგორიც სჭირდებოდა მის პერსონაჟს: სასოწარკვეთილ, სიგიჟისაგან მკვლელად ქცეულ ქალს. ყოველივე ამას ემატებოდა კალასის გასაოცარი მსახიობური ნიჭი, რომლის წყალობითაც მას შეეძლო თითქმის ასი პროცენტით წარმოეჩინა სცენაზე ნებისმიერი პერსონაჟი. არამხოლოდ, ემღერა მისი პარტია, არამედ გაეხსნა ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. სწორედ ამას ეწოდებოდა “შელოცვა”, რომელსაც კალასი მაყურებელზე ახდენდა.
სამწუხაროდ, არ არსებობს კალასის მიერ შესრულებული ლუჩიას არც ერთი ვიდეოჩანაწერი, მაგრამ არის საკმაოდ დიდი აუდიობაზა. ადრეულ ხანებში გაკეთებული ლივე-ჩანაწერების წყალობით შესაძლებელია, მოვისმინოთ აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები თითოეული არიის დასასრულისას.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუჩია არ იყო ის ოპერა, რომელმაც კალასს აღიარება მოუტანა. ეს ბედი ერგო ავსტრალიელ სოპრანოს _ ჯოან საზერლენდს (Joan Sutherland), რომელმაც იგი უფრო მოგვიანებით, 1959 წელს ბრიტანეთის სამეფო ოპერაში იმღერა. ორკესტრს ტულიო სერაფინი დირიჟორობდა, რეჟისორი კი ფრანკო ძეფირელი გახლდათ.
video
აუდიტორიამ მოისმინა აქამდე უცნობი ინტერპრეტაცია ამ საოცრად რთული პარტიისა. საზერლენდის მსუბუქი და, ამავდროულად, ძლიერი ხმა წარმოუდგენელი სიადვილით ასრულებდა ტრიოლებს, კაბალეტებს და იღებდა ძალიან მაღალ ბგერებს. 33 წლის სოპრანო იმ საღამოს გახდა საოპერო ვარსკვლავი და, მას შემდეგ, მოიხსენიებენ, როგორც La Stupenda (გასაოცარი). ცნობისათვის, კალასის “ტიტული” გახლდათ La Divina (ღვთაებრივი).
საზერლენდისეული ინტერპრეტაცია ოპერისა “ლუჩია დი ლამერმური” მიჩნეულია ეტალონად. 1960 წელს მან ჩაწერა ალბომი “პრიმა დონას ხელოვნება”, რომელიც დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია. კალასისგან განსხვავებით, საზერლენდი “სიგიჟის სცენაში” უმატებდა საკუთარ ინტერპრეტაციებს და ამით მუსიკალურად ამდიდრებდა არიას. ამასთან დაკავშირებით გამართულა უამრავი დისკუსია, თუ რომელი ვერსია იყო მისაღები. ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგანაც კალასისეულსაც და საზერლენდისეულ შესრულებებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი.
ჯოან საზერლენდის ერთადერთ მინუსად ლუჩიაში, შეიძლება, ჩაითვალოს ერთი ფაქტორი: კალასთან შედარებით, ის საერთოდ არ იყო მსახიობი. საზერლენდი აქცენტს აკეთებდა როლის მუსიკალურ ნაწილზე და ამით აჯადოებდა მსმენელს. კალასი კი ხაზს უსვამდა როგორც მუსიკალურ, ისე არტისტულ მხარესაც, რითაც თავის სათქმელს უნაკლოდ გადმოსცემდა...
მესამე სოპრანო, რომელიც დღეს დიდების ზენიტშია, ფრანგი ნატალი დესეა (Natalie Dessay). მის მიერ შესრულებული ლუჩია აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. 2007 წლის 29 სექტემბერს, მასზე დაიწერა, რომ ნიუ იორკის მაყურებელს, კალასის დიდებული წარმოდგენების შემდეგ, არ ენახა ასეთი საოცრება. დესე თავის თავში აერთიანებს ფენომენალურ ვოკალურ მონაცემებსა (მისი ყველაზე მაღალი ნოტია III ოქტავის სოლ-ძიეზი) და გასაოცარ არტისტულ ტალანტს. თავად აცხადებს, რომ ოპერაში შემთხვევით მოხვდა. მას ჯერ ბალერინობა, შემდეგ კი მსახიობობა სურდა. 20 წლის ასაკში ხმა აღმოაჩნდა და ყველაფერი იქიდან დაიწყო.
video
ნატალი დესესთვის ლუჩიას პარტია ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგანაც უყვარს “ექსტრემალური სიტუაციები, დიდი ემოციები და სისხლი.” მისი იდეალი ჯოან საზერლენდია, რადგანაც თვლის, რომ ამ ქალბატონის ხმა ყველაზე ახლოა სრულყოფილებასთან. იქვე დასძენს, რომ არტისტიზმის მხრივ, კალასი სოპრანოთა დედოფალია. სწორედ მას ბაძავს დესე, როდესაც ტრაგიკულ პერსონაჟს ასახიერებს. ამ ორი დიდი მომღერლის სინთეზს ქმნის ნატალი დესე სცენაზე, რაც მაყურებელში გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს.
ლუჩიას რამდენიმე შესრულებისას დესემ მი-ბემოლი მოძრაობაში აიღო: მას მიათრევენ და ხელში აჰყავთ(!) სხვა შემთხვევისას კი იმავეს საქანელაზე ქანაობისას აკეთებს.
“ლუჩია დი ლამერმური” იქცევა ნამდვილ გამოცდად მათთვის, ვისაც სერიოზულად გადაუწყვეტია მისი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი სოპრანო მღერის მას, ბევრს არ შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს მასში და ინდივიდუალური ხელწერა დაუტოვოს ისტორიას. ასე კი სამი სოპრანო მოიქცა: მარია კალასი, რომელმაც ლუჩია მკვდრეთით აღადგინა; ჯოან საზერლენდი, რომელმაც იგი, თითქმის, მუსიკალურ სრულყოფილებამდე აიყვანა და ნატალი დესე, რომლის დამსახურებაც ამ ოპერის დღემდე საუკეთესო ინტერპრეტაციით შემონახვაა.

Saturday, May 3, 2008

“აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”


   12 საათისთვის ჩამორეკა ეკლესიის ციცქნა, წკრიალა ზარებმა. მრევლი სანთლებითა და გალობით მიიკვლევდა გზას უკუნეთ სიბნელეში, რათა სააღდგომო ლიტანიობა შეესრულებინა. დაბალჭერიან ბაზილიკაში ჩახუთული ჰაერი იდგა. ყველა შეძლებისდაგვარად, მაგრამ რწმენით ახერხებდა საზეიმო წირვა-ლოცვის მოსმენას. შემდეგ იყო ქადაგება. გადაღლილი მოძღვარი მთელი შემართებით ლოცავდა და შეახსენებდა მრევლს, რომ უფლის მიერ მოვლენილი ზეციური ცეცხლი კიდევ ერთი შანსია კაცობრიობის თვითგამოსარკვევად. “დღეს სიხარულის დღეა და სასაფლაოებზე არ გავდივართ. აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”...
   მეექვსეკლასელი ბიჭი დილის 6 საათისთვის დაბრუნდა შინ. სახლის კარი არ დაუკეტავთ. ჩუმად შეაბიჯა საწოლ ოთახში, თუმცა სააღდგომო ეიფორია არ ასევენებდა. ეგონა, ძილი არ მიეკარებოდა, მაგრამ დაწოლისთანავე “გაითიშა”. 10 საათისთვის შეშინებული წამოხდა ფიქრით _ ხომ არ დამტოვესო, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ჯერ არ წასულან.
   ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ მოეშალა ძველი წამზერიობა და ამიტომ სასაფლაოებზე, ორშაბათის ნაცვლად, კვირა დილას გადიოდა. ბიჭიც იქითკენ მიიჩქაროდა. ოღონდ მას საკუთარი ინტერესი გააჩნდა: თიხის კვერცხი.
   გაწვიმებულიყო. უმზეო დილა ღრუბლის ვუალის მიღმა მალავდა სასიხარულო განწყობილებას. მასაც უხაროდა, მაგრამ რაღაც, ხასიათზე ვერ იყო. სასაფლაოები, როგორც მოელოდა, ხალხით იყო სავსე. ყველანი უთავბოლოდ ირეოდნენ აპრილის წვიმით გაბრუებულ ქვიტირში. გაუნძრევლად წოლისგან გადაღლილი განსვენებულები მოუთმენლად მოელოდნენ ნიადაგის ზედაპირზე კვერცხის გადაგორების ხმის გაგონებას. ცუდი ის იყო, რომ ზოგი “სააღდგომო სტუმარი” თავიანთი ნათესავების გადავიწყებულ საფლავებს ძლივს აგნებდა... მაგრამ აქ შეკრებილი უბრალო მოკვდავები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ “კვერცხთამსხვრეველი ტერმინატორი” გამოეცხადათ! მას შემდეგ, რაც ნათესავთა “მინისასახლეები” მოინახულა, ჩასუქებული ლოყებღაჟღაჟა ბიჭი დასახული ამოცანის მეორე ეტაპზე გადავიდა: რაც შეიძლება, მეტი კვერცხის შეგროვება, რათა სახლი რეზერვუარი დროზე არ ამოეწუროს. მას ხომ ასე ძალიან უყვარს სააღდგომო კვერცხი. ამისთვის ხომ მთელ 47 დღეს იმარხულა!
   მარჯვენა ხელში ოსტატურად ჩაებღუჯა წითლად შეღებილი თიხის სათაყვანებელი “სატყუარა” და ჟანგმოკიდებულ, მოჩუქურთმებულ ღობეებს შორის ბავშვური გულუბრყვილო ნაბიჯებით “მიშტერაობდა”. ყველა მხრიდან გამომეტყველებით მომზირალი, მაგრამ გაქვავებული სახეები უცქერდნენ. ბიჭიც მორიდებით და გაკვირვებით გახედავდა მათ. გულის სიღრმეში ეშინოდა: ვაითუ საიდუმლოს მიმიხვდნენ და გამთქვანო! ცოტა ხანში სხვა, უფრო უცნაურმა აზრმა აიყოლია: “რამდენი მოთქმა და ცრემლი ახლავს თითოეულ დაკრძალვას... რა საშინელება იქნება, ყველა კივილი და კვნესა ერთ დღეს ერთხმად რომ გაისმას! ყველა ცრემლი ერთადროულად რომ დაიღვაროს!...”
   თუმცა, ახლა რა დროს ეგაა: პირველი “მსხვერპლი” გამოჩნდა _ ვიღაც ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც კვერცხის დაჭახუნება სურს... ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც პუტკუნა მეექვსეკლასელს სურდა. მარჯვენა ჯიბეში ნადავლი გაჩნდა. იგი უკვე კმაყოფილებით აგრძელებდა გზას. ცოტა ხანში იგივე განმეორდა: სამს გაუტეხა.
   _ აუ, ჩაკირული კვერცხი გამიტეხა. ბიჯო, რაია ამნაირი?
   _ კვერცხია, რა იქნება სხვა! დავაი, ციცარზე დაგირტყამ!
ციცრის კვერცხის ციცქნა, წაწვეტებულ თავზე ბზარი ელვასავით გაიკლაკნა.
   _ აუ!!! გადი, ბიძია! დამანებე თავი! ამფერი არაფერი მინახია.
   ბიჭმა ნახევარ საათში ამ “გლახაობაში” (როგორც ქუთაისში იტყვიან) უკვე 10-ზე მეტი კვერცხი მოაგროვა. გეგმა შესრულებულია. არა, ამდენს კარგა ხანს ვერ მოერევა. ანდა, რად უნდა? ცოტას ისევ საფლავებზე გადააგორებს. მერე სადმე ჩამოჯდება და დანარჩენებს დააგემოვნებს.
   სწორედ ამ ფიქრებით იყო გართული, რომ ორ მასზე უფროს ახალგაზრდას მოჰკრა თვალი. ისინი “ჩაკუნცხულიყვნენ” და აბოლებდნენ.
   _ კაროჩე, ვანოიის ბიძაშვილი რო მოვა, ბულდოგას საფლავზე მერე გევიდეთ.
   _ ბარემ, მაგის ძმაკაცი რო იყო, გრუჩიტელა, იმასაც გოვუაროთ. საცხა აქანე დოუმარხიათო მაგიც.
   მეექვსეკლასელ “ტერმინატორს” მათი საუბარი არ გაუგონია. იგი ისე იყო გაოგნებული თავისი წარმატებებით, რომ ერთხელ კიდევ მოუნდა ბედის ცდა. ამჯერად ეს ბოლო იქნებოდა. უბრალოდ, დიდებთან გაჯიბრება სურდა.
   _ ბარო, კვერცხი გააქ?
   _ რა?
   _ კვერცხი თუ გაქ, რო დამიჭახუნო?
   _ აუ, ჩემი!... ხო, მაქ, მოდი!
   შავი ტყავის ქურთუკი სასაფლაოს დრომოჭმულ ღობეზე გადაკიდა. იქიდან სისხლივით წითელი კვერცხი ამოაცურა და მოქნევით დაარტყა თიხისას... ყველაფერს მიხვდა. “უძინართა მზის” დათოსავით გაბოროტებით ამოხედა. ერთიც შეიგინა. თიხის “სატყუარა” ხელიდან გამოგლიჯა და შუბლზე დააფშვნა...
   “აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”... მაგრამ ბიჭისთვის, რომელსაც ახალი მეგობარი გასჩენოდა სისხლიანი კოპის სახით, ამ რჩევას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტკიოდა. ციოდა. წვიმდა. თითქოს, ყველა საფლავიდან ერთხმად იფეთქა კივილისა და კვნესის ხმამ. თითქოს არემარე ცრემლთა ტალღამ გადარეცხა.
   შიში... შიში გათხრილი პრიდაღებული სამარისა... შიში მარტოობისა... შიში მიწის ბელტების რაკუნის ხმისა...
   წვიმით მოწყენილი მიყრუებული სასაფლაოს ატალახებულ მიწაზე დამტვრეული კვერცხების გროვაში ეგდო მეექვსეკლასელი ბიჭი. თავბრუ ესხმობდა. სიცივისგან აჭარხლებულ ლოყებზე ცხელი ცრემლისა და ცივი წვიმის წვეთები ერთმანეთს თავიანთს გულისტკივილს უყვებოდნენ. შავი ქვიდან მომზირალ უცნობ სახეებს მიშტერებოდა...
   ...იქნებ მათ გასცეს? იქნებ მათ გაამხილეს თიხის კვერცხის ამბავი? რა აქვთ მეტი საქმე?!
   ...თან გაუცნობიერებლად სლუკუნებდა: “აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება! აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!...”